სიახლეები

20.10.2015
საქართველოს მნათობად წოდებული, წმინდა ქეთევან დედოფლის (1570-1624 წწ.) მოწამებრივი ცხოვრებისა და აღსასრულის ამსახველი პანო
საქართველოს მნათობად წოდებული, წმინდა ქეთევან დედოფლის (1570-1624 წწ.) მოწამებრივი ცხოვრებისა და აღსასრულის ამსახველი პანო, ქალაქ ლისაბონში, “დაგრასას” მონასტერში დაცული გრავიურის ზუსტი ასლია. დამზადებულია იმდროინდელი ტრადიციული ტექნოლოგიით, ქაშანურისა და ფაიფურის ფილებით. 
 
პანოს ორიგინალი პორტუგალიელმა ოსტატებმა XVII საუკუნის მიწურულს, კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით და თვითმხილველი მისიონერების მიერ აღწერილი ისტორიების საფუძველზე შექმნეს. სხვადასხვა დროს პანოს აღმოჩენასა და შესწავლაში დიდი როლი შეასრულეს ქართველმა მეცნიერებმა და სასულიერო პირებმა.
 
პანოს ასლის დამზადება და მისი საქართველოში ჩამოტანა უზრუნველყვეს საქართველოს ელჩმა პორტუგალიაში გ. გორგილაძემ და „შატო მუხრანის“ დამფუძნებლებმა: ფ.პოლსენმა, მ. ხაზარაძემ და ბ. ჯაფარიძემ. პანოზე აღბეჭდილია ავგუსტინელი მამების მიერ ქეთევანის გამხნევება, შირაზში რწმენის ერთგულებისთვის წამება და 1628 წ. მეფე თეიმურაზისთვის დედოფლის სხეულის წმინდა ნაწილების გადაცემა. პანოს შინაარსს გვამცნობს პორტუგალიურ ენაზე შესრულებული წარწერები: „ღმერთო შემეწიე ძუძუთა ჩემთა სატანჯველში“. „ღირსეული ქალბატონი ქეთევანი, საქართველოს დედოფალი, წმ. ავგუსტინეს ორდენის სულიერი და და ქალიშვილი“. „ეწამა სპარსეთში, შირაზში, 1624 წლის 22 სექტემბერს".